პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება

ბურჯანაძე "პატრიოტების" დაფინანსებაზე: ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, კრემლის მიერ პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე "ნორმალური ქვეყანა გამოძიებას უკვე დაიწყებდა".

ტვ პირველის ეთერში ბურჯანაძემ თქვა:

"არ ვიცი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული რა მცდელობა სჭირდება რუსეთს, რომ საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს. არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რა მოხდა 2016 წელს - გამიყალბეს არჩევნები, ხმები წამართვეს, დამტოვეს მე და ჩემი პოლიტიკური ძალა პარლამენტს გარეთ და ამ დროს რა ხდებოდა პატრიოტთა ალიანსთან მიმართებაში. 3 დღე ითვლიდნენ ხმებს და როგორც იქნა, გადაალახინეს ბარიერი.

პატრიოტთა ალიანსი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას და ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას ასეთ ბრალდებასთან დაკავშირებით. მარტო იმ შემთხვევში კი არა, როცა რუსეთზეა საქმე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ეს იქნებოდა მეგობარი სახელმწიფო. იმიტომ, რომ კანონით აკრძალულია უცხო სახელმწიფოდან დაფინანსების მიღება".

მისივე განცხადებით, პროკურატურაში პატრიოტების დაფინანსების შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადების შეტანა არც ელენე ხოშტარიას უნდა დასჭირვებოდა.

"პროკურატურა რომ ადგილზე იყოს და ქვეყანა რომ არსებობდეს, გამოძიება უკვე დაწყებული უნდა იყოს".

ევროპულმა საქართველომ დღეს, 25 აგვისტოს, პროკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ამ საკითხის კომენტირებისას აქცენტი არა პატრიოტთა ალიანსზე, არამედ ევროპულ საქართველოზე გააკეთეს და სწორედ ისინი გააკრიტიკეს.

ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გაავრცელა.

ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები.

კომენტარები