ბელარუსი

ბელარუსში ოპოზიციური საბჭოს ორ წევრს 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოლღა კოლავკოვა (მარცხნიდან მესამე) და სერგე დილევსკი (მარჯვნიდან პირველი).
Financial Times

25 აგვისტოს ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრს, სვეტალანა ტიხანოვსკაიას ნდობით აღჭურვილ პირს, ოლღა კოლავკოვას 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საბჭო ავრცელებს, თუმცა ჯერჯერობით არ ამბობს, თუ რა ბრალდებით.

მანამდე, 25 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა საბჭოს კიდევ ერთ წევრს, მინსკის ტრაქტორების ქარხნის შტატის კომიტეტის წარმომადგენელს, სერგეი დილევსკის, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნო ხელისუფლების ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

ორივე გუშინ, 24 აგვისტოს დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის გარდამავალი საბჭოს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარა. ასევე დაბარებულია ბელარუსის კულტურის ყოფილი მინისტრი, პაველ ლატუშკო.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს, იმ ქმედებებისკენ მოწოდებას, რომლებიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ. 361-ე მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოიცავს. პროკურატურის განცხადებით, საბჭოს მიზანია ძალაუფლების მიტაცება და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას და არღვევს ბელარუსის კონსტიტუციას.

საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეთა საბჭოში სულ ოპოზიციის 7 წევრია. მათ შორის არიან სვეტლანა ალექსიევიჩი, იურისტი ლილია ვლასოვა, სვეტალანა ტიხანოვსკაიას ნდობით აღჭურვილი, ოლგა კოვალკოვა და ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელი, მარია კოლესნიკოვა. კიდევ 3 წევრი, მინსკის ტრაქტორების ქარხნის შტატის კომიტეტის წარმომადგენელი, სერგეი დილევსკი, საკოორდინაციო საბჭოს თავჯდომარეთა საბჭოს წევრი, პაველ ლატუშკო და იურისტი მაქსიმ ზნაკი დაკითხვაზე რამდენიმე დღის წინ დაიბარეს.

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, მათ არ აქვთ პრეტენზია ქვეყნის მართვის უფლებამოსილებაზე და გეგმავენ ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრის გზებს. საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ისინი ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ძალადობის შეწყვეტასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლეს.

კომენტარები