Zoom-ზე გაკვეთილის დროს მექსიკაში, სტუდენტის სახლში ქურდი შეიჭრა და თავს დაესხა

Mirror.co.uk

Zoom-ზე ერთერთი გაკვეთილის მიმდინარეობისას მექსიკაში, დურანგოში სტუდენტის სახლში ქურდი შეიჭრა, ახალგაზრდა ქალს ხელები შეუკრა, პირი აუხვია და თვითონ, სახლში დადიოდა. ამ ყველაფერს სტუდენტის კლასელები Zoom-ზე შეესწრნენ. 

ქურდი ქალის სახლში მაშინ შეიჭრა, როდესაც მას Zoom-ში ინგლისური ენის გაკვეთილი ჰქონდა. ქალს გაკვეთილი დისტანციურად ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო უტარდებოდა. 

როგორც Mirror-ი წერს, ქურდმა ქალს ხელები შეუკრა მანამ, სანამ ჩაწერა დაიწყებოდა, შემდეგ კი მან კამერა ქვევით შეატრიალა, რათა აღარავის დაენახა ისინი. ქალი უმოძრაოდ იჯდა. 

სახლის გაჩხრეკის შემდეგ თავდამსხმელმა გასაღები იპოვა, სახლი დატოვა და ავტომობილი მოიპარა. 

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორმა, ანტონიო ბრაჩომ თქვა, რომ დანაშაულზე სტუდენტის კლასელებმა განაცხადეს. 

პოლიციელები და გამომძიებლები ქალის სახლში მალევე მივიდნენ, თუმცა თავდამსხმელი ამ დროისთვის უკვე წასული იყო. მეზობლებმა სტუდენტის დედას დაურეკეს, რომელიც ადგილზე მალევე მივიდა. 

ადგილობრივი პოლიცია და დურანგოს პროკურატურა აცხადებს, რომ სავარაუდო თავდამსხმელი ამოცნობილია. თუმცა, ის ჯერ არ დაუკავებიათ. მაღალჩინოსნებმა ასევე განაცხადეს, რომ თავდამსხმელის მიერ მოპარული ავტომობილი უკვე ნახეს.

კორონავირუსის პანდემიის დროს Zoom-ი პოპულარული პლატფორმა გახდა სამუშაო და სასწავლო დაწესებულებებისთვის.

კომენტარები