ჩეხეთი-ტაივანი

პეკინის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი ტაივანს დელეგაციით ეწვევა

ტაივანი ჩეხეთს სამედიცინო დახმარებას გადასცემს პარტნიორ ქვეყნებში კამპანიის ფარგლებში "ტაივანს შეუძლია დახმარება".

ტაივანში აშშ-ს ჯანმრთელობის მდივნის ისტორიული ვიზიტის შემდეგ ტაივანს კიდევ ერთი მაღალპროფილური დიპლომატიური ჯგუფი ჩეხეთიდან ეწვევა. ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი, მილოს ვისტრიცილი, ტაივანის მხარდამჭერი პრაღის მერი, ჟდენეკ ჰრიბი და ჩეხეთის 90 წარმომადგენელი ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ. 

"ჩვენთვის პატივია ტაივანში ვუმასპინძლოთ პატივცემულ მილოს ვისტრცილს 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით. ჩვენ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს და აკადემიის, ბიზნესის, კულტურის, მედიის, პოლიტიკისა და მეცნიერების წარმომადგენლების 90-კაციანი ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას ისტორიული ვიზიტისთვის." – წერს ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ვისტრიცილის გადაწყვეტილებამ პეკინის გაბრაზება გამოიწვია, რადგან ტაივანს მის ნაწილად, ერთერთ პროვინციად მიიჩნევს და თვლის, რომ სახელმწიფო ვიზიტების გამართვის უფლება არ აქვს. ჩინეთის მხარე ჩეხეთის ქმედებას საერთაშორისო ურთიერთობების საბაზისო ნორმების მნიშვნელოვან დარღვევად აღიქვამს - "ეს ჩინეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სამომავლო პოლიტიკურ ნიადაგს ძირს უთხრის".

ჩეხეთი, მსოფლიოს სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ერთიანი ჩინეთის პრინციპებს პატივს სცემს, თუმცა ამავდროულად, ტაივანთან არაოფიციალური ურთიერთობები აქვს.

ვისტრიცილამდე ამ ვიზიტის განხორციელება მის წინამორბედს, იაროსლავ კუბერას სურდა, თუმცა, ის 20 იანვარს მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა აპრილში განაცხადა, რომ ჩინეთის მუქარამ კუბერას უეცარი სიკვდილი გამოიწვია. იანვარში ჩინეთის საელჩომ ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კუბერა ტაივანს ეწვეოდა, კონტინენტურ ჩინეთში ჩეხეთის კომპანიებს, მაგალითად, Volkswagen-ის დაქვემდებარებულ კომპანიას Skoda Auto-ს პრობლემები შეექმნებოდა.

ამის შემდეგ ჩეხეთის სენატმა 50 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ტაივანში ვისტრიცილის ვიზიტს. ვისტრიცილის ვიზიტი იქნება ჩეხი პოლიტიკოსის მიერ ტაივანში უმაღლესი დონის ვიზიტი. 

ვისტრცილმა განაცხადა, რომ მას ბიზნესის განვითარება და ქვეყნის ადამიანის უფლებების პოლიტიკის ტრადიციის გაგრძელება სურს.

პრაღის მერის განცხადებით, ვიზიტი ყველასთვის სასარგებლო იქნება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მან გააუქმა პრაღის მოკავშირე ქალაქის შეთანხმება პეკინთან  ჩინეთის წნეხის გამო ეცნო "ერთიანი ჩინეთი". საპასუხოდ, ჩინეთი დაიმუქრა, რომ ჩეხეთში ჩინელი ტურისტების რიცხვს შეამცირებდა და ასევე პეკინმა პრაღის ფილარმონიის ორკესტრას ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გაუუქმა. მერი ტაივანს გასულ წელსაც ეწვია. 

ჰრიბისა და ვისტრიცილისგან განსხვავებით, ჩეხეთის პრემიერმინისტრი, მილოს ზემანი თავს ჩინეთის "ერთგულ მეგობრად" მიიჩნევს. 

საგულისხმოა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩეხეთში ვიზიტისას ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ილაპარაკა. რუსეთის საფრთხეებზე საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ დღეს უფრო დიდი საფრთხეა ჩინეთის კომუნისტური პარტია თავისი იძულებისა და კონტროლის კამპანიებით:

"ეს არ არის ტანკები და იარაღები - ძალიან განსხვავდება ამისგან. ჩინეთის კომუნისტური პარტია იწყებს უდანაშაულო პარტიებთან ანგარიშწორებას, როდესაც [მათი] გზები იკვეთება... ახლა, შესაძლოა, მარტივია ჩინეთის გამოწვევის უარყოფა, როგორც უბრალო გამაღიზიანებლისა, მაგრამ, იმედი მაქვს, იცით, რომ ასე არ არის. რეჟიმს საბჭოთა კავშირზე არანაკლები მარქსისტულ-ლენინური საფუძველი აქვს და, სავარაუდოდ, უფრო მეტიც".

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტაივანის დემოკრატიულ პროგრესული პარტიიდან ცაი ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ჩინეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ტაივანს არაერთ ქვეყანასთან აქვს არაოფიციალური ურთიერთობები. შეერთებული შტატებს, სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისი სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური კომუნისტური ჩინეთისთვის წითელი ხაზია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

კომენტარები