ეკონომიკა

საბავშვო ანაბარზე თანხის გამოსაყენებლად მშობლებს სასამართლოს თანხმობა დაჭირდებათ

საბავშვო ანაბარზე დაგროვილი თანხის განსაკარგავად მშობლებს ამიერიდან სასამართლოს თანხმობა დაჭირდებათ. შესაბამისი ცვლილება სამოქალაქო კოდექსში უკვე აისახა და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. 

ანაბრის გარდა იგივე ნორმები ამოქმედდება არასრულწლოვანის სახელზე არსებული მოძრავი, თუ უძრავი ქონების მიმართაც. სამოქალაქო კოდექსში უკვე გაჩნდა შემდეგი ჩანაწერები:

  • ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე;
  • ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

კოდექსში მითითებულია, რომ მიღებული ნორმები "ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება". როგორც ცნობილია, შესაბამისი ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში ჯერ კიდევ 2019 წელს შევიდა, თუმცა მისი ამოქმედების ვადამ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გადაიწია. 

აქამდე მშობელი გარკვეული ვადით ხსნიდა საბავშვო ანაბარს და დროთა განმავლობაში ეს თანხა მშობლის ანგარიშზე ირიცხებოდა და მათ ამ თანხის განკარგვა შეუზღუდავად შეეძლოთ. პირველი სექტემბრიდან მშობელმა სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს, რომ ეს "ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად" ხდება და მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემდეგ შეეძლება დაგროვილი თანხის განკარგვა.

ამასთანავე, კანონმდებლობაში არ არის მითითებული თუ რა ვადა მიეცემა სასამართლოს საკითხის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.

კომენტარები