ბელარუსი-რუსეთი

პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ კორონავირუსის რუსულ ვაქცინას პირველი ბელარუსი მიიღებს

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი
TASS

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ კორონავირუსის რუსული ვაქცინის პირველ პარტიას ბელარუსი მიიღებს.

პუტინსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 9 აგვისტოს ბელარუსის არჩევნების შემდეგ ეს მათ შორის სულ მცირე მეოთხე სატელეფონო საუბარია.

ლუკაშენკოს ოფისში განაცხადეს, რომ მათ განიხილეს, როგორც შიგნით, ბელარუსში არსებული სიტუაცია, ასევე მის გარეთ, განსაკუთრებით კი დასავლეთში. მათივე თქმით, პუტინი და ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ ბელარუსები იქნებიან მოხალისეები კორონავირუსის რუსული ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპზე.

"ბელარუსი ასევე იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ ვაქცინას მიიღებს". – განაცხადეს ლუკაშენკოს ოფისში.

პანდემიის დაწყებიდან ლუკაშენკო ამბობდა, რომ ეს უბრალო გრიპი იყო. მან პანდემიაზე გამოხატულ შიშებს "ფსიქოზი" უწოდა და კორონავირუსის დამარცხების საშუალებებად არყის დალევა ან საუნის მიღება დაასახელა.

ივლისში ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ კორონავირუსი "შეუგდეს", თუმცა უსიმპტომოდ გადაიტანა და გამოჯანმრთელდა.

რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის ვაქცინა შექმნა და ის უსაფრთხოა. Sputnik V-ის აცრა ორ ეტაპად ტარდება და მისი შემქმნელი კვლევითი ინსტიტუტი Gamaleya ირწმუნება, რომ ორი წლის განმავლობაში კორონავირუსისადმი იმუნიტეტის გარანტიას იძლევა. ვლადიმირ პუტინი კი ამბობს, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა, თუმცა რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი, 52%, კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა.

Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებდეს.

კომენტარები