11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამა: როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია

Interpressnews

11 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ მას შვილთან იშვიათი ურთიერთობა ჰქონდა. 

ინფორმაციას სააგენტო Interpressnews-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფრიდონ აბჟანდაძემ კომენტარი ზესტაფონის სასამართლოში, პროცესზე გააკეთა. 

"მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი? - თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა“. - თქვა აბჟანდაძემ. 

11 წლის ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 23 აგვისტოს დაასრულა - ის თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მიზეზი მამის მხრიდან მასზე სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა.

ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიდან განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

კომენტარები