ევგენი პრიგოჟინი

"პუტინის მზარეული" ევგენი პრიგოჟინი ალექსეი ნავალნის და მის ორგანიზაციას ემუქრება

კრემლთან მჭიდრო კავშირების მქონე რუსი ბიზნესმენი, პუტინის მზარეულის მეტსახელით ცნობილი ევგენი პრიგოჟინი რუს ოპოზიციონერს, ალექსი ნავალნის და მის ორგანიზაციას ემუქრება.

პრიგოჟინი ამბობს, რომ ნავალნის ანტიკორუფციულ სააგენტოს სასამართლოში უჩივლებს და 1.2 მილიონი აშშ დოლარის (88 მილიონი რუბლი) ოდენობის ჯარიმის გადახდას მოითხოვს. პრიგოჟინმა ნავალნის სასამართლოში გასულ წელს უჩივლა ვიდეოს გავრცელებისთვის, რომელმაც, მისი თქმით მის რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

ამის შესახებ განცხადება მისი კომპანიის, Concord-ის პრესცენტრმა გაავრცელა. სწორედ Concord-ი ამარაგებს კრემლს საკვებით.

"ჩემი მიზანია, ამ უნამუსო ადამიანების ჯგუფი გავძარცვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისაგან. თუ ამხანაგი ნავალნი მოკვდება, მე პირადად მის გასამართლებას ამ ქვეყნად არ ვაპირებ. ამას განუსაზღვრელი ვადით გადავდებ და შემდეგ საკუთარ თავს გავუკეთებ კომპენსაციას". – თქვა პრიგოჟინმა.

მისივე თქმით, თუ ნავალნი გადარჩება, ის რუსეთის კანონმდებლობის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

გასული წლის ოქტომბერში რუსეთის სასამართლომ ნავალნის, მის თანამებრძოლს, ლიუბოვ სობოლს და ანტიკორუფციულ ფონდს მთლიანობაში 88 მილიონი რუბლის ჯარიმა დააკისრა, რომელიც კომპანია Moskovsky Shkolnik-ს უნდა გადაუხადონ. კომპანია პრიგოჟინთან არის დაკავშირებული, თუმცა პუტინის მზარეული უარყოფს, რომ მისი მფლობელია. კომპანია რუსეთის სკოლებისთვის სადილებს ამზადებს.

ნავალნის სააგენტომ ვიდეო გამოძიება გამოაქვეყნა, რომელშიც კომპანიას ბაზრის მონოპოლიზაციაში და ბავშვებისთვის ცუდი ხარისხის საკვების მიწოდებაში დაადანაშაულა, რის გამოც, მათი თქმით ბავშვები მოიწამლნენ.

ნავალნიმ სააგენტო ივლისში ფორმალურად დახურა. სააგენტოს დირექტორი ივან ჟდანოვი არ გამორიცხავს, რომ ნავალნი სწორედ ამ გამოძიების გამო მოწამლეს.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité​-ში მკურნალობს. გერმანელი ექიმების თქმით, ნავალნი მოწამლულია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით. შესაძლოა, ამ მომწამლავმა ნივთიერებამ ნავალნის ნერვულ სისტემაზე გავლენა მოახდინოს.

რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია და ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება. გერმანელი ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მას გერმანიის ხელისუფლებამ დაცვა დაუნიშნა.

ნავალნი სამკურნალოდ ომსკიდან გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. ეჭვობდნენ, რომ ის კომაში მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჩაის დალევის შემდეგ ჩავარდა. 21 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის გადაყვანაზე უარს ამბობდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა და ფრენას შეძლებს. ნავალნისთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა მისი ცოლი იულია.

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ თქვა, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს და კომაში ჩავარდნა, სავარაუდოდ, სისხლში შაქრის დაბალი დონის გამო ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ გამოიწვია. ნავალნის ცოლი კი აცხადებს, რომ საგზაო პოლიციამ იპოვა ნივთიერება, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". – ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მოხვდა. ის ციმბირიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

პრიგოჟინი დგას რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერი უკანაც, თუმცა ამასაც უარყოფს. რუსულ კერძო სამხედრო კომპანიებზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - რუსული კერძო სამხედრო კომპანიები კრემლსა და სირიაში.

კომენტარები