არჩევნები 2020

ბაქრაძე თალაკვაძის ინიციატივაზე: პარტნიორების თვალში იმიჯის გამოსწორების მცდელობაა

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

"ესაა უბრალოდ მცდელობა მოატყუონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ ნაწილობრივ ის ძალიან დაზიანებული იმიჯი, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია საერთაშორისო საზოგადოებაში". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე არჩილ თალაკვაძის ინიციატივას, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა, ამომრჩევლის მოსყიდვა და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს.

დავით ბაქრაძის განმარტებით, ამგვარი შეზღუდვები არ მოქმედებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებზე, რადგან სწორედ ქართული ოცნებაა მსგავსი დარღვევების მთავარი ინიციატორი. ბაქრაძის თქმით, ასეთი მოქმედებები დღემდე იყო დასჯადი, თუმცა არცერთი ხელისუფლების მხარდამჭერი არ დასჯილა ამ კანონის დარღვევისთვის.

"ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპულ საქართველოს ჰქონდა კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კოდექსში შესატანად, მაგალითად, ხმის ფარულობასთან დაკავშირებული გვქონდა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ უნდა აკრძალულიყო მობილური ტელეფონების გამოყენებით იძულება მოსახლეობის, რომ გადაეღოთ ფოტოები. მაგალითად ხმის მიცემის იძულებასთან და დაშინებასთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული წინადადება, როგორ უნდა აკრძალულიყო შეკრებები საარჩევნო უბნების წინ, სადაც ქართული ოცნება ქუჩის კრიმინალებისა და თანამდებობის პირების დახმარებით გავლენას და იძულებას ახდენს ამომრჩეველთა ნებაზე. ყველა ეს კონკრეტული ინიციატივა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო და არცერთი არ იქნა მიღებული.

[...] დღემდე ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა კონკრეტული მექანიზმის მიღებაზე, რომელიც არჩევნებს გახდიდა უკეთესს და გამორიცხავდა ასეთი ტიპის დარღვევებს, ამიტომ ამ ვითარებაში არსებობს ნულოვანი ნდობა, რომ "ოცნება" ამ ინიციატივით მართლაც, ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას. ამრიგად, გამოსავალი არის ერთადერთი, ეს გახლავთ მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე, არჩევნებში გამარჯვება და სისტემური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას მოუტანს უკეთესობას ყველა მიმართულებით, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხითაც". – ამბობს დავით ბაქრაძე.

კომენტარები