ირანი

ირანი ქვეყნაში ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შეშვებას დათანხმდა

0 კომენტარი
ფოტო: EPA

ირანი ქვეყნაში ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შეშვებას დათანხმდა. მათ საშუალება ექნებათ მოინახულონ ორი ადგილი, სადაც ეჭვობდნენ, რომ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.

შეთანხმება ირანში სააგენტოს დირექტორის ვიზიტის შემდეგ შედგა. ის ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ალი აქბარ სალეჰის შეხვდა.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ეჭვს გამოთქვამდა, რომ ორ ლოკაციაზე ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობდა და ირანს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ იქ მათ დამკვირვებლებს არ უშვებდნენ.

ირანი უარყოფს, რომ ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა, თუმცა სააგენტოს მიერ მოპოვებული მასალები მიუთითებს, რომ 2003 წლამდე ქვეყანა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის შექმნას ცდილობდა.

გასულ წელს ირანმა ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორს აკრედიტაცია გაუუქმა. მას ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცეს.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გამოაცხადა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებიდან გამოსვლას გააგრძელებდა და 6 ნოემბერს ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდა, ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა კი თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები, ასევე, მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშავოს.

ირანმა პირობების დარღვევა ღიად მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მ 2015 წლის შეთანხმება დატოვა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა.

მიმდინარე წელს ირანის რეჟიმის პროვოკაციული ბირთვული ესკალაციის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციას (AEOI) და მის ხელმძღვანელს, ალი აქბარ სალეჰის სანქციები დაუწესა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები