ჩოგბურთი

ნაომი ოსაკა პროტესტის ნიშნად ცინცინათის მასტერსის ნახევარფინალში არ ითამაშებს

0 კომენტარი
ნაომი ოსაკა

იაპონელმა ჩოგბურთელმა, ნაომი ოსაკამ ნიუ-იორკის ტურნირზე გამოსვლაზე უარი პროტესტის ნიშნად თქვა. მიზეზი ვისკონსინის შტატში პოლიციის მიერ შავკანიანი ჯეიკობ ბლეიკის დაჭრა გახდა. ცინცინათის მასტერსი კორონავირუსის გამო 2020 წელს ნიუ-იორკში ტარდება. ეს ტურნირის ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ის ოჰაიოში არ ტარდება. ნახევარფინალში ოსაკა ბელგიელ ელიზე მერტენსს უნდა შეხვედროდა.

"როგორც შავკანიანი ქალი, ვგრძნობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას, ვიდრე ჩემი თამაშის ყურებაა, რომლებსაც ყურადღება დაუყოვნებლივ უნდა მივაქციოთ". – დაწერა ჩოგბურთელმა Twitter-ზე.

შედეგად, ტურნირი დროებით გადაიდო.

"არ ველი, რომ ჩემ მიერ თამაშზე უარის თქმით რაიმე ძირეულად შეიცვლება, მაგრამ თუ ასე შევძლებ დიალოგი წამოვიწყო სპორტში, რომელსაც უმეტესწილად თეთრკანიანები თამაშობენ, ამას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვლი. ცუდად მხდის პოლიციის ხელით შავკანიანთა გენოციდის ყურება". – წერს ოსაკა.

ნაომი ოსაკას მშობლები იაპონიიდან და ჰაიტიდან არიან. ის კანის ფერის გამო იაპონიაში არაერთხელ გამხდარა რასისტული კომენტარების სამიზნე. ერთ-ერთ რეკლამაში მას კანის ფერი გაუღიავეს, კომიკოსები კი მას ურჩევდნენ კანის ფერის შესაცვლელად მათეთრებელი გამოეყენებინა. ამჟამად ის მსოფლიო რეიტინგში მეათე ადგილზეა. 22 წლის ოსაკას მოგებული აქვს აშშ-ს და ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირები.

ვისკონსინში მომხდარის გამო ბოიკოტი არაერთმა სპორტსმენმა გამოაცხადა. გადაიდო NBA-ს სამი და ბეისბოლის ლიგის ორი თამაში.

ვისკონსინში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. ქალაქ კენოშაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცამ შეუიარაღებელ შავკანიან კაცს ესროლა.

შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა. ჯეიკობ ბლეიკი ამჟამად საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციელებმა მას რამდენჯერმე ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჩაჯდომას ცდილობდა. პოლიციამ დაჭრილ კაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უმიზნებენ ცეცხლსასროლ იარაღს პოლიციელები ჯეიკობ ბლეიკს. ბლეიკი საკუთარ მანქანასთან მიდის, კარს აღებს და იხრება, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი მას მაისურში სწვდება და ცეცხლს ხსნის. ვიდეოში 7 გასროლა ისმის. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია ოჯახური ინციდენტის გამო გამოიძახეს. უცნობია ვინ გამოიძახა სამართალდამცველები და რა უძღოდა წინ ვიდეოში ასახულ მოვლენებს.

ბლეიკის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ დაშავებული კაცი 3 შვილის მამაა და ოჯახური კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდა, პოლიცია კი არაჰუმანურად მოიქცა. ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.

პოლიციის დასახმარებლად შტატში მობილიზებულია ეროვნული გვარდია. მომიტინგეები ბლეიკის დაჭრაში მონაწილე პოლიციელების დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მათ დაწვეს მანქანები. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ქალაქში ამოქმედდა კომენდატის საათი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები