მიხეილ სააკაშვილი

წულუკიანი სააკაშვილზე: მივესალმებით, თუ ჩამოვა - საზღვარზევე ელოდება დაკავების პროცედურა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება. წულუკიანი ამბობს, რომ მიესალმებიან, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა და, მისივე სიტყვებით, ექსპრეზიდენტს საზღვარზევე ელოდება დაკავების პროცედურა. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, ის თუ საქართველოში იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა. მას, რა თქმა უნდა, დაკავების პროცედურა ელოდება საზღვარზევე და, რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო. 

ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი ინსტანციის მიერ ძალაში შესული განაჩენები, რომელიც, შეიძლება, მერე მან გადაასინჯინოს, როდესაც ქართულ საპატიმროში იქნება." – ამბობს თეა წულუკიანი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის ბრუნდება.

"ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები"! – ამბობს სააკაშვილი. 

"Miha Hamodiii" - ასე გამოეხმაურა "ოცნება" სააკაშვილის მიმართვას.

კომენტარები