ბელარუსი-რუსეთი

პუტინის თქმით, ლუკაშენკომ რუსეთს მისთვის სარეზერვო პოლიციის შექმნა სთხოვა 

Fox News

27 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შეექმნა სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებდა მანამ, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი, ინტერფაქსზე დაყრდნობით . 

პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი, ამ დროისთვის, ვერ ხედავს საჭიროებას ბელარუსში საკუთარი ძალა გამოიყენოს იმ პოლიტიკური კრიზისის გამო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. მისივე თქმით, სიტუაცია ნორმალიზდება

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ. დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლეს.

16 აგვისტოს ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

ამავდროულად, 18 აგვისტოს პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა ან ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლა მიუღებელი იქნება.

ამავე დღეს, პუტინი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ელაპარაკა და მასაც განუცხადა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება.

პუტინი ლუკაშენკოს ასევე დაჰპირდა, რომ კორონავირუსის რუსულ ვაქცინას პირველი ბელარუსი მიიღებს. პუტინი ამბობს, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა, თუმცა რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი, 52%, კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ 15 აგვისტოს ლუკაშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგებოდა ალექსანდერ ლუკაშენკომ თქვა, რომ "საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლა შევძლო მასთან საუბარი, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე აღარ არის...ბელარუსის დაცვა დღეს არანაკლებია, ვიდრე ჩვენი საერთო სივრცის, საკავშირო სახელმწიფოს დაცვა... ვინც დღეს ქუჩაში დაეხეტება, მათ უმეტესობას ეს არ ესმის".

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 დეკემბერს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ "საკავშირო სახელმწიფოს" შესახებ დოკუმენტს, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო კონფედერაცია უნდა შეექმნათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვდა.

კომენტარები