ავარია შატილის გზაზე

"ვლოცულობთ თქვენთან ერთად" - მსოფლიო პატრიარქის სამძიმარი ხევსურეთში მომხდარ ავტოავარიაზე

პატრიარქი ბართლომეოსი

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ხევსურეთში მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს და ილია მეორეს წერილს უგზავნის. წერილი საპატრიარქომ გაავრცელა.

"დიდი მწუხარებით შევიტყეთ მასმედიის მეშვეობით მცხეთა-მთიანეთში მომხდარი უბედური ავარიის შესახებ, რის შედეგადაც ტრაგიკული სიკვდილით გარდაიცვალა ჩვიდმეტი ადამიანი, ხოლო სხვა გადარჩენილი ტრავმირებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

ლოცვით მოვაპყრობთ რა ჩვენს სულიერ მზერას თქვენი ყოვლად პატივცემული და დიდად საყვარელი უნეტარესობის, საქართველოს ღვთისმოსავი ერისა და მოძმე წმინდა ეკლესიის მიმართ, გამოვხატავთ მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად ჩემს ღრმა თანაგრძნობას და ვლოცულობთ თქვენთან ერთად, რომ უფალმა ღმერთმა მიანიჭოს შვება უსამართლოდ გარდაცვლილ, ჩვენს უდანაშაულო მოძმეთა სულებს.

შევთხოვთ უფალს, ასხუროს ბალზამი ნუგეშისა მათი ოჯახების გულებს და მთლიანად საქართველოს მგლოვიარე, მამაც და მოწამე ერს, რომელთანაც ჩვენს კონსტანტინეპოლის ეკლესიას აკავშირებს განსაკუთრებული სიყვარულისა და სოლიდარობის ძლიერი და უშრეტი კავშირი, მისცეს ზეციერი ნუგეში. 

ყოველივე ამით გემშვიდობებით, გეხვევით და გეამბორებით ქრისტესმიერი წმინდა ამბორით, უდიდესი პატივისცემითა და ძმური სიყვარულით". – ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები