ევროკავშირი-ბელარუსი

ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს სანქციების დაუწესებენ

bundeskanzlerin.de

ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ და გარკვეულ პერიოდში, სავარაუდოდ, ალექსანდრ ლუკაშენკო ამ სიაში იქნება. AP წერს, რომ ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 28 აგვისტოს ბერლინში შეხვედრის დროს გააკეთეს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ "თავდაპირველი სია მოკლე იყო. ბოლო დღეებში სია გაიზარდა. დასაწყისში 12 იყო, შემდეგ თითქმის 20-მდე გაიზარდა. ვფიქრობ, მომავალ დღეებში ის კიდევ გაიზრდება... ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბელარუსში და როგორი იქნება რეჟიმის დამოკიდებულება".

"ჩვენ გვაქვს ზოგადი შეთანხმება, თუ რა სტრუქტურისა იქნება სია და ვინ იქნება სიაში", - თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თომას პეტრიცეკმა.  

მისი აზრით, ლუკაშენკო სანქციების სიაში უნდა იყოს - "საკითხავია, პირველ ეტაპზე თუ მოგვიანებით, იმ შემთხვევაში თუ პროგრესი არ იქნება".

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი ამბობს, რომ ლუკაშენკო სიაში უნდა იყოს, თუმცა მისივე თქმით, იზიარებს იმ აზრს, რომ, შესაძლოა, არსებობდეს "ტაქტიკური მიზეზები" , რომელთა გამოც ის, შესაძლოა, სიაში არ იყოს.

ლუკაშენკოს მიმართ სანქციების საკითხზე, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, "ეს ინფორმაცია დაცული უნდა იყოს მანამ, სანამ სანქციებს კანონიერად მივიღებთ და ავამოქმედებთ".

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ. დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, სამიადამიანი მოკლეს.

 

კომენტარები