საფრანგეთი-ჩინეთი

მაკრონმა ჩინეთის საგარეო მინისტრთან ჩინეთში ადამიანის უფლებებზე ძლიერი შეშფოთება გამოხატა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან, ჰონგ-კონგში შექმნილი სიტუაციისა და ჩინეთში უიღური მუსლიმების ეთნიკური უმცირესობის უფლებების შელახვის გამო ძლიერი შეშფოთება გამოხატა.

ვანგ ის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს 28 აგვისტოს შეხვდნენ. 

აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიერ ამოქმედებული ჰონგ-კონგის უშიშროების კანონის შემდეგ საფრანგეთი ჰონგ-კონგთან 2017 წელის ექსტრადიციის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

მანამდე, ივნისის დასაწყისში, ემანუელ მაკრონმა, თავის ჩინელ კოლეგას, სი ძინფინგს, განუცხადა, რომ საფრანგეთი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება და პეკნისადმი ჰონგ-კონგში მოდელ "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მხარდაჭერას განაგრძობს.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. თავდაპირველად მომიტინგეები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევას ითხოვდნენ, რასაც საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც, თუმცა, დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა და ისინი პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებსა და, ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციები არაერთხელ დაშალეს ძალადობრივად, ჩინეთმა კი ქალაქში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.  კორონავირუსის პანდემიის გამო აქციები დროებით შეწყდა. ჩინეთმა პანდემია ახალი კანონების შესამუშავებლად გამოიყენა, რათა პროდემოკრატიული აქციებით რეჟიმისათვის შექმნილი საფრთხე აღმოეფხვრა.

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

რაც შეეხება უიღურების საკითხს, ჩინეთს სინძიანგის რეგიონში მოწყობილი აქვს საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ატყვევებენ მუსლიმ უიღურებს და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებებისთვის :"საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები