ახლო აღმოსავლეთი

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელისთვის 1972 წელს დაწესებული ბოიკოტი გააუქმა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ გააუქმა ისრაელისთვის 1972 წელს დაწესებული ეკონომიკური ბოიკოტი. ამის შესახებ ინფორმაციას სამეფოს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს

ბოიკოტის გაუქმების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნახაიანმა. ამგვარად, დღეიდან საამიროების მოქალაქებს და ადგილობრივ კომპანიებს შეეძლებათ კომერციული და ნებისმიერი სხვა სახის ხელშეკრულების დადება ისრაელის მოქალაქეებთან და კომპანიებთან.

ამას გარდა საამიროებში შესაძლებელი გახდება ებრაული წარმოების სხვადასხვა საქონლის იმპორტი და ვაჭრობა. "გადაწყვეტილება წარმოადგენს საამიროების ძალისხმევას, გაფართოვდეს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები ისრაელთან. ამასთანავე, ეს წარმოადგენს, საგზაო რუკას ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყებად, რომელიც ორივე ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას და ამ თვალსაზრისით ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად." - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

სამშვიდობო შეთანხმება შედგა საამიროებსა და ისრაელს შორის მიმდინარე წლის აგვისტოში, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შუამავლობით. ამგვარად, არაბთა გაერთიანებული საამიროები მესამე არაბული სახელმწიფოა, რომელმაც ისრაელთან სრულად რეგულირებული დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობა დაიწყო. 

შეთანხმების ფარგლებში ისრაელი დროებით შეაჩერებს ისრაელის სუვერენიტეტის გამოცხადებას მდინარე იორდანეს დასავლეთ რაიონებზე. ამავდროულად, ისრაელის პრემიერმა, ბიბი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ ამბობს უარს თავის უფლებებზე ამ მიწებთან დაკავშირებით. 

კომენტარები