11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია: ვთხოვ საპატრიარქოს, დამეხმაროს და წესი აუგონ

მთავარი/კადრი ვიდეოდან

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს, გარდაცვლილს წესი აუგონ. 

"ვთხოვთ საპატრიარქოს, დამეხმაროს და ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ. ბავშვი მორწმუნე იყო, შეიძლება, თავი არც მოუკლავს, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მაგრამ, თუ ეს ჩაიდინა, ეს იყო სტრესის გამო. ამიტომ, ვთხოვ საპატრიარქოს, დართოს ნება და წესი აუგონ. მე მაქვს იმედი, რომ დაუშვებენ გამონაკლისს, მის სულს პატივს სცემენ და წესს აუგებენ." - ამბობს ის. 

თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი გიორგი კი ამბობს, რომ თუ ბიჭის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდება, ეკლესია გამონაკლისს ვერ დაუშვებს და მას წესს არ აუგებენ. 

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

მოზარდი თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მამის მხრიდან სისტემატური ძალადობაა. ბავშვის დედა ემიგრანტია. მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება თურქეთის საზღვარზე არ მისცეს.

გარდაცვლილის ბებია ამბობს, რომ ბავშვის მამა ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა და ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა. შსს-მ ეს ცნობა უარყო და თქვა, რომ სამართალდამცველები ინფორმირებულები არ ყოფილან, ვინაიდან მათთან შეტყობინება არ შესულა. უწყების ცნობით, ამ ოჯახიდან პოლიციას ბოლოს 2020 წელს მიმართეს.

კომენტარები