პატრიოტთა ალიანსი

მდინარაძე "პატრიოტების" ბანერის ჩამოხსნაზე: მარათონი აქვთ, თითქოს ყველაზე პატრიოტები არიან

"მარათონი აქვთ, რომელი მიასწრებს ბანერთან, რომ თითქოს ისინი არიან ყველაზე მაგარი პატრიოტები და ჩამოხსნეს." - ამბობს ქართული ოცნების საპარტალმენტო ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარაში პატრიოტთა ალიანსის ბანერის ჩამოხსნაზე.

"როგორც ვიცი, პატრიოტთა ალიანსის მიერ სამი ასეთი ბანერია ბათუმში გამოკრული. მეორე ბანერის ჩამოხსნის დროს, მესამე ბანერის ჩამოსახსნელად ერთმანეთს ასწრებენ პოპულისტურად ოპოზიციური პარტიები. მარათონი აქვთ, რომელი მიასწრებს ბანერთან, რომ თითქოს ისინი არიან ყველაზე მაგარი პატრიოტები და ჩამოხსნეს. 

რა თქმა უნდა, გულწრფელადაც შეიძლება ვინმეს გაუჩნდა ღია პროტესტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თუ იმ პარტიებმა მიასწრეს იმ ბანერთან ჩამოსახსნელად, რომლებიც აშკარად არა, მაგრამ მათი ფარული საქციელებით და მოქმედებებით კიდევ უფრო მყარად უჭერენ მხარს რუსულ საქმეს, ეს კიდევ უფრო ამაზრზენი იქნება." - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

აჭარაში პატრიოტთა ალიანსის ბანერი დღეს, 29 აგვისტოს, ლელოს აქტივისტებმა ჩამოხსნეს

ბათუმის მერიამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმში პარტრიოტთა ალიანსის ორი ბანერი ჩამოხსნეს და უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. 

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - წერია პრორუსული პარტიის ბანერზე. ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიება, საიდანაც ირკვევა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება. კერძოდ, პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები