ბელარუსი

ბელარუსში უცხოელი ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაცია გაუუქმეს

REUTERS

ბელარუსში უცხოელი ჟურნალისტების ნაწილს აკრედიტაცია გაუუქმეს. მათ შორის არიან BBC-ს, AFP-ს, Deutsche Welle-ს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტები.

მთავრობის სპიკერი ამბობს, რომ აკრედიტაციის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამის რეკომენდაცია ქვეყნის კონტრტერორისტულმა დანაყოფმა გასცა.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა დაგმეს დიდი ბრიტანეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მინსკში აქციების გაშუქებისას 17 ჟურნალისტი მიმდინარე კვირას დააკავეს. დაკავებულები პოლიციაში ვინაობის გადასამოწმებლად წაიყვანეს. მათ ნაწილს გათავისუფლების სანაცვლოდ კამერებით და ტელეფონით გადაღებული ფოტოების წაშლა აიძულეს. გასულ კვირას ბელარუსიდან რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი, იულია ვიშნევეცკაია და ანდრეი კისელიოვი გააძევეს.

ჟურნალისტების გარდა დააკავეს 300-მდე მომიტინგე. ასევე დაკავებულია ოპოზიციის გარდამავალი საბჭოს ორი წევრიც. ოლgა კოვალკოვას და სერგეი დილევსკის უკანონო შეკრებების მოწყობის ბრალდებით 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გარდამავალი საბჭოს წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს, იმ ქმედებებისკენ მოწოდებას, რომლებიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ. 361-ე მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოიცავს. პროკურატურის განცხადებით, საბჭოს მიზანია ძალაუფლების მიტაცება და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას და არღვევს ბელარუსის კონსტიტუციას.

დაკითხვაზე დაიბარეს საბჭოს წევრი, ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩიც. დაკითხვაზე ალექსიევიჩი 26 აგვისტოს მივიდა და შენობა 15 წუთში დატოვა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ გამოძიების კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. 29 აგვისტოს დედაქალაქ მინსკში მსვლელობა გამართა ათასობით ქალმა. მსვლელობას "სოლიდარობის მარში" ერქვა და მისი მონაწილეები ლუკაშენკოს და მის მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდებდნენ. პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი.

კომენტარები