აშშ

დონალდ ტრამპი ქალაქ კენოშაში ჩავა, სადაც აქციები 7 დღეა გრძელდება

დონალდ ტრამპი
REUTERS

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში ჩავა, სადაც უკვე 7 დღეა აქციები გრძელდება. ვიზიტი პირველ სექტემბერსაა დაგეგმილი. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, პრეზიდენტი პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდება და პროტესტის შედეგად ქალაქისათვის მიყენებულ ზარალს შეაფასებს. მას არ უთქვამს, შეხვდება თუ არა ტრამპი ჯეიკობ ბლეიკის ოჯახის წევრებს.

კითხვაზე, უნდა დაისაჯოს თუ არა პოლიციელი, რომელმაც ბლეიკს ესროლა, ტრამპმა უპასუხა:

"ამ საკითხს ვიკვლევ. ვიღებ შეფასებებს. არ მომწონს, როგორ გამოიყურება სიტუაცია".

ქალაქ კენოშაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცამ შავკანიან კაცს ესროლა.

შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა. პოლიციელებმა ჯეიკობ ბლეიკს რამდენჯერმე ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჩაჯდომას ცდილობდა. მანქანაში მისი სამი შვილი იმყოფებოდა. სროლის შემდეგ ბლეიკი პარალიზებულია.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უმიზნებენ ცეცხლსასროლ იარაღს პოლიციელები ჯეიკობ ბლეიკს. ბლეიკი საკუთარ მანქანასთან მიდის, კარს აღებს და იხრება, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი მას მაისურში სწვდება და ცეცხლს ხსნის. ვიდეოში ისმის შვიდი გასროლის ხმა. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია ოჯახური ინციდენტის გამო გამოიძახეს.

ბლეიკის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ დაშავებული კაცი 3 შვილის მამაა და ოჯახური კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდა, პოლიცია კი არაჰუმანურად მოიქცა.

პოლიციელი, რომელმაც ბლეიკს ესროლა სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს. მიმდინარეობ გამოძიება.

პოლიციის დასახმარებლად შტატში მობილიზებულია ეროვნული გვარდია. მომიტინგეები ბლეიკის დაჭრაში მონაწილე პოლიციელების დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მათ დაწვეს მანქანები. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ქალაქში ამოქმედდა კომენდანტის საათი.

კომენტარები