კანადა

მონრეალში ანტირასისტული პროტესტის დროს კანადის პირველი პრემიერმინისტრის ძეგლი ჩამოაგდეს

ctvnews

მონრეალში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციის დროს, დემონსტრანტებმა კანადის პირველი პრემიერმინისტრის სერ ჯონ მაკდონალდის ძეგლი ჩამოაგდეს. აქციის მონაწილეები პოლიციისთვის დაფინანსების შემცირებასა და ამ თანხით სოციალური პროგრამების დაფინანსებას ითხოვენ.

აქციის დროს დემონსტრანტების ჯგუფი კვარცხლბეკზე აძვრა და ძეგლი ჩამოაგდო, შედეგად, ძეგლს თავი მოსტყდა. 

ჯონ მაკდონალდის ძეგლი ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა ვანდალიზმის სამიზნე. ის დაუფარავთ გრაფიტით და ხშირად შეუღებავთ წითელი საღებავით.

ინციდენტი დაგმეს პოლიტიკურმა ლიდერებმა. კვებეკის პრემიერის ფრანსუა ლეგოლტის განცხადებით, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს ხალხი ჯონ მაკდონალდზე, ძეგლის ასეთი სახით განადგურება მიუღებელია. 

"ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რასიზმს, მაგრამ ჩვენი ისტორიის განადგურება არ არის გამოსავალი." –განაცხადა ლეგოლტმა.

ბოლო პერიოდში აშშ-სა და კანადაში გახშირდა პოლიციისთვის დაფინანსების შემცირების მოთხოვნები. ამის მიზეზი ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი ძალადობის შემთხვევებია, რომლებშიც პოლიცია იყო ჩარეული. მაისში მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ აშშ-სა და მსოფლიოს მასშტაბით რასიზმისა და პოლიციელთა სისასტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

ივნისში კანადელი აბორიგენი ლიდერის ძალადობრივი დაპატიმრების ვიდეომ კი პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბების საკითხი კანადაშიც წამოჭრა.

კომენტარები