თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზას ჰიუნდაის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან

ინტერპრესნიუსი

სამხარეო პოლიციაში 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა მიმდინარეობს. 

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, ისინი დაუკავშირდნენ ჰიუნდაის ცენტრს, რათა მოეპოვებინათ სპეციალური დიაგნოსტიკური აპარატი, რომლითაც შესაძლოა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ. 

ექსპერტიზას თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატი, ჰიუნდაის სათაო ოფისის წარმომადგენელი და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი დაესწრებიან. 

"გვინდოდა დიაგნოსტიკური აპარატის შეძენა, მოპოვება. დავუკავშირდით ჰიუნდაის სათაო ოფისს, გავარკვიეთ, თუ რა შესაძლებლობა აქვს ამ ავტომობილს, რა ინფორმაციის მიღება შეგვიძლია აქედან და როდესაც ყველაფერი დეტალურად გავარკვიეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება". – თქვა მიხეილ რამიშვილმა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და პროკურატურასთან აქციას აანონსებს.

კომენტარები