ეკონომიკური ზრდა

თურნავა 5.5%-იან ვარდნაზე: ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა

კომერსანტი

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ივლისის თვეში ეკონომიკის ნავარაუდევი 5.5%-იანი ვარდნა "კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა". 

ეკონომიკის ვარდნის შესახებ წინასწარი შეფასება სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 31 აგვისტოს გამოაქვეყნა

მინისტრის თქმით, მთავრობას "ძალიან დიდი იმედი" აქვს, რომ ვარდნის მაჩვენებელს შეანელებს, თუმცა, "ცალსახაა, რომ წლევანდელი წელი მინუსით დასრულდება". ამას ნათია თურნავა პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისით ხსნის. 

"ჩვენ ვერ ვიქნებით გლობალური ეკონომიკის კონტექსტისგან დიდად განსხვავებული ქვეყანა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ვარდნის ტემპი იყოს შემცირებული". – თქვა ნათია თურნავამ. 

მინისტრის თქმით, მის გუნდს ურჩევნია, რომ შეფასებაში "კონსერვატიული" დარჩეს, თუმცა, უკეთეს შედეგს მიაღწიოს. 

"გავთვალოთ უფრო, ასე ვთქვათ, რთულ ვითარებაზე იმიტომ, რომ ჯერ ერთი ტურიზმში რჩება შეზღუდვები და პრობლემები, რჩება შეზღუდვები ფრენებზე, ჩვენ ვერ შევძლებთ ერთბაშად, რომ გავხსნათ ყველა ფრენა". – თქვა ნათია თურნავამ. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი შეფასებით 2020 წლის ივლისში, 2019 წლის ივლისთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.5%-ით შემცირდა. ივნისში კლება -7.7% იყო, მაისში -13.5%, აპრილში კი -16.6%. 

რაც შეეხება ამ წლის პირველი 7 თვის საშუალო მაჩვენებელს, ის -5.8%-ია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა დარგში გამოვლინდა. გამონაკლისი სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა. 

2020 წლის პირველ კვარტალში მშპ 2.2%-ით გაიზარდა. მეორე კვარტალში კი, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკა -12.6%-ით შემცირდა. 

კომენტარები