ისრაელი-არაბთა გაერთიანებული საამიროები

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირველი პირდაპირი ფრენა განხორციელდება

Reuters

დღეს, 31 აგვისტოს ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირველი პირდაპირი ფრენა განხორციელდება.

პირველი რეისით ისრაელიდან საამიროებში ჩავლენ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის მთავრობის დელეგაცია და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლები, მათ შორის, მისი სიძე ჯარედ კუშნერი და ეროვნული უშიშროების მრჩეველი, რობერტ ო'ბრაიენი.

"ასე გამოიყურება მშვიდობა მშვიდობისათვის". – დაწერა ნეთანიაჰუმ საკუთარ Twitter-ზე.

თვითმფრინავზე არაბულად, ინგლისურად და ებრაულად სიტყვა "მშვიდობა" არის დაწერილი. ის თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან აბუ დაბის აეროპორტში ჩაფრინდება.

ოფიციალურ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებს განიხილავენ. მათ შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში.

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატური ურთიერთობის დაწყებაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სატელეფონო კომუნიკაცია უკვე დაიწყო.

გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ გააუქმა ისრაელისთვის 1972 წელს დაწესებული ეკონომიკური ბოიკოტი.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებაზე განცხადება მიმდინარე თვეს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა. შეთანხმება მოიცავს ისრაელის მიერ დასავლეთი ნაპირის ანექსიის გეგმების გაუქმებას.

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურიდან პირველი არაბული და, ზოგადად, მესამე არაბული ქვეყანაა, რომელსაც ისრაელთან აქტიური დიპლომატიური კავშირი ექნება. 

არაბული ქვეყნებიდან დღემდე მხოლოდ იორდანიას და ეგვიპტეს აქვთ ისრაელთან აქტიური დიპლომატური ურთიერთობები. ეგვიპტემ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია 1979 წელს, ხოლო იორდანიამ - 1994 წელს.

ნეთანიაჰუ ცდილობდა მიწებზე, რომლებიც პალესტინელებს უნდოდათ, აეგო დასახლებები. ის მხარს უჭერდა ტრამპის შემოთავაზებას, რაც მას უფლებას მისცემდა დაეკავებინა ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის დიდი ნაწილი, პალესტინელებს კი სხვა ნაწილში შეზღუდულ ავტონომიას მიანიჭებდნენ.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქვეყანა უფრო აძლიერებს მის საერთაშორისო კამპანიას, რათა მას ახლო აღმოსავლეთში ტოლერანტობის შუქურად ხედავდნენ მიუხედავად იმისა, რომ ავტოკრატი მმართველები ჰყავს.

პალესტინელებისთვის ეს გამარჯვებაცაა და უკან დახევაც. შეთანხმება ისრაელის მიერ ანექსიის გეგმებს აუქმებს, თუმცა პალესტინელები, არაბულ სახელმწიფოებს მოუწოდებდნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოეხდინათ მანამ, სანამ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს დაარსების სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევდნენ.

კომენტარები