პატრიოტთა ალიანსი

პროკურატურა: "პატრიოტების" დაფინანსებაზე განცხადება აუდიტის სამსახურში გადავაგზავნეთ

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ევროპული საქართველოს მიერ შეტანილი განცხადება პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებასთან დაკავშირებით განიხილეს და "შემდგომი რეაგირებისთვის" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადააგზავნეს.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი, - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 341-ე მუხლის თანახმად - პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა." – წერია პროკურატურის განცხადებაში.  

ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ქართული სახელმწიფოს რეაქცია საგანგაშოა, რადგან, მისივე თქმით, "ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის."

ევროპულმა საქართველომ პროკურატურას განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი, 25 აგვისტოს მიმართა.  

ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები. 

როგორ ეხმარება კრემლი პატრიოტთა ალიანსს და რა ინსტრუქციებს აძლევს მათ - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები