ბელარუსი

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ლუკაშენკოს და ბელარუსის მთავრობის 29 წევრს სანქციები დაუწესეს

ალექსანდრ ლუკაშენკო
Reuters

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესეს.

სანქციები შეეხება იმ პირებს, რომლებსაც 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

"ჩვენ ვთქვით, რომ მშვიდობიანი დიალოგი და შეთანხმება გვჭირდება რეჟიმსა და საზოგადოებას შორის, მაგრამ ვხედავთ, რომ რეჟიმი ამისათვის მზად არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა გადავდგათ ნაბიჯი და ამით სხვა ქვეყნებს მაგალითი ვუჩვენოთ". – თქვა ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. 30 აგვისტოს ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დააკავეს სულ მცირე 140 მომიტინგე.

გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ.

ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლეს.

კომენტარები