თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

სუს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბაჩალიაშვილის საქმესთან შემხებლობა არ გვაქვს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს და მცდარია ინფორმაცია, რომ სუს-ის კუთვნილი ავტომობილებით უწყება ბაჩალიაშვილს უთვალთვალებდა

სუს-ის განცხადებით, ყველა გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და უწყების დისკრედიტაციისთვისაა მიმართული. 

"გვსურს, თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურისა და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა, დღემდე უცნობ დეტალს". – წერია განცხადებაში. 

რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახმა თქვა, რომ გზის მონაკვეთზე სუს-ის სამი მანქანა პროგრამისტის მანქანას უკან მიჰყვებოდა. ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და პროკურატურასთან აქციას აანონსებს.

კომენტარები