ქართული ოცნება

კობახიძე: გამოვრიცხავთ პატრიოტთა ალიანსთან კოალიციას თეორიულადაც კი

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია პრორუსულ პატრიოტთა ალიანსთან თეორიულ კოალიციასაც კი გამორიცხავს. ამ დრომდე პატრიოტთა ალიანსი მმართველი გუნდის მთავარ პოტენციურ კოალიციურ პარტნიორად განიხილებოდა. 

ტაბულამ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ბოლო დროს გავრცელებული ცნობების ფონზე, რომელიც ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის პირდაპირ კავშირს კრემლთან, კვლავ განიხილავს თუ არა ქართული ოცნება მათთან პარტნიორობას. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს კოალიცია არ დასჭირდება და ის დარწმუნებულია, რომ პარტია ბევრად მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე 50%-ია.

რაც შეეხება იმას, თეორიულად მაინც განიხილავს თუ არა პრორუსულ პარტიას პარტნიორად, დეპუტატი პასუხობს: 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოალიციას როგორც ნაცმოძრაობასთან და მის სატელიტებთან, როგორიც არის ევროპული საქართველო, ლეიბორისტები, გირჩი და ა.შ., ასევე, ბუნებრივია, პატრიოტთა ალიანსთან, ბურჯანაძესთან, პრორუსულ პარტიებთან, რომლებიც სხვათა შორის, დღეს არიან ამ ე.წ პროდასავლური პარტიების ძალიან მყარი პარტნიორები. თეორიულადაც კი კოალიციას სრულად გამოვრიცხავთ". 

კითხვაზე, თუ ვისთან განიხილავს თეორიულ პარტნიორობას, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ კოალიციისთვის დიდი სივრცე არ რჩებათ და ეს არც დასჭირდებათ.

გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამბობს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, რომ მის პარტიას არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება, ვინაიდან IRI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 33% მისცემდა ხმას, Edison Research-ის კვლევის მიხედვით – 39%. ყველაზე მაღალი რეიტინგი (52%) მმართველ გუნდს რუსთავი 2-ის კვლევაში ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მონაცემები მხოლოდ გადაწყვეტილი ამომრჩევლების გამოკითხვიდანაა, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების (42.8%) მონაცემები კვლევაში საერთოდ არ აღურიცხავთ.

კომენტარები