ევროპული საქართველო

რატიანი: შეიცვალოს საგრანტო დაფინანსების არსებული არასამართლიანი მოდელი

ტაბულა

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი მიმართავს მთავრობას, შეიცვალოს სტუდენტების საგრანტო დაფინანსების არსებული მოდელი. 

სერგო რატიანი ასევე მოითხოვს, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა, ვერ მოახერხეს ვერცერთ უნივერსიტეტში ჩარიცხვა, ხელახლა რეგისტრაციის საშუალება მიეცეთ. 

"ასეთი 500 აპლიკანტია. გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელ სასწავლო წელს, პანდემიის გამო, აბიტურიენტები აღმოჩნდნენ განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაში და არსებული მდგომარეობაც კითხვის ქვეშ ტოვებს სასწავლო წლის სრულფასოვან აღდგენას, მივმართავ განათლების მინისტრს, დაუშვას გამონაკლისი". – თქვა სერგო რატიანმა. 

დეპუტატის თქმით, საგრანტო დაფინანსების მოდელის შეცვლის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. 

"დაფინანსების არსებული მოდელი წარმოადგენს ბიუჯეტის თანხების უსამართლო, არარაციონალურ და, შესაბამისად, არაეფექტურ ხარჯს. მივმართავთ მთავრობას, რომ სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიცვალოს დაფინანსების არსებული, არასამართლიანი მოდელი". – ამბობს სერგო რატიანი. 

კომენტარები