NATO

NATO: რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა NATO-ს საჰაერო სივრცე დაარღვია

NATO-ს საჰაერო ძალების განცხადების მიხედვით რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა დანიის კუნძულ ბორნჰოლმის თავზე NATO-ს საჰაერო სივრცე დაარღვია.

"რუსულმა Su-27 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც კალინინგრადიდან მოფრინავდა, აშშ-ს საჰაერო ძალების B-52 ტიპის თვითმფრინავს მიჰყვებოდა და დანიის საჰაერო სივრცეში შევიდა, რითიც NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. გაიგზავნა დანიური სწრაფი რეაგირების ხომალდები, რათა დარღვევა აღეკვეთათ, თუმცა ადგილზე მათ მისვლამდე რუსული ხომალდი უკან გაბრუნდა. უნებართვო შეჭრა სუვერენული ქვეყნის საჰაერო სივრცეში საერთაშორისო კანონების მნიშვნელოვანი დარღვევაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს პირველი მსგავსი ინციდენტია, რაც რუსეთის პროვოკაციული ქმედებების ახალ დონეზე მიუთითებს". – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს B-52 ტიპის ბომბდამშენი NATO-ს მისიაში მონაწილეობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათ ხომალდს დანიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და ბალტიის ზღვაში ნეიტრალური წყლების თავზე დაფრინავდა.

აშშ-მ მიმდინარე თვის განმავლობაში რუსეთი საერთაშორისო ნორმების არაერთ დარღვევაში დაადანაშაულა, მათ შორის გასულ კვირას შავი ზღვის თავზე სახიფათო მანევრირებაში და სირიაში მომხდარ შეჯახებაში, რა დროსაც ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ.

25 აგვისტოს სირიაში რუსეთის ჯავშანმანქანა ამერიკელი სამხედროების მანქანას დაეჯახა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ ულიოტმა თქვა, რომ შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქალაქ ელ-მალიქიასთან (დერიკი) მოხდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ რუსული სამხედრო მანქანა, რომელსაც ორი ვერტმფრენი მიჰყვება, სახიფათო მანძილზე უახლოვდება ამერიკულ ჯავშანტექნიკას.

კომენტარები