პატრიოტთა ალიანსი

ხოშტარია: პრობლემა ინაშვილში არაა, პრობლემაა, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის ჩარევაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია დოსიეს გამოძიებას ეხმაურება. ხოშტარიას თქმით, პრობლემა არა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, არამედ სახელმწიფოს რეაგირებაა საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევაზე.  

"ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ არის ირმა ინაშვილში, ირმა ინაშვილები ჩვენს ქვეყანას ისტორიულად ძალიან ბევრი ჰყოლია. პრობლემა არის, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. ეს რეაგირება დღეს არის წარმოუდგენლად სუსტი. მხოლოდ აუდიტის სამსახურის ჩარევა უბრალოდ წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, რომ მათ მანდატი ეყოთ, გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების ეს საკითხი. 

სახელმწიფო ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუსმა და პროკურატურამ უცხო ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი - ეს შეიძლება იყოს შპიონაჟი, ეს არის მტრული სახელმწიფოსთვის და მისი ორგანიზაციებისთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ეს არის ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა". – ამბობს ელენე ხოშტარია.   

ელენე ხოშტარიამ იმ დამთხვევებზე ისაუბრა, რომელიც დოსიეს გამოძიების მეორე ნაწილსა და "ჩვენი ყურით მოსმენილ რეალობას" შორის არის. ხოშტარიას თქმით, აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა იმ ფრაზებით ისაუბრა, რომელიც რუსეთიდან მიღებულ ინსტრუქციაში იყო - რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო კერძო და ემსახურებოდა ფერიცვალებასთან დაკავშირებით ილორის ხატის ჩატანას. ასევე, ინსტრუქციაში ნახსენები იყო ნეიტრალიტეტისთვის ხაზგასმის აუცილებლობა - ხოშტარიას თქმით, ინაშვილმა 26 აგვისტოს ამ საკითხზეც ისაუბრა.

ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთის ამოცანა საქართველოში დესტაბილიზაციაა, მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ამ ამოცანის შესრულებაში ხელი უნდა შეუშალოს, სხვა შემთხვევაში პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება.

ევროპულმა საქართველომ პროკურატურას განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი, 25 აგვისტოს მიმართა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განცხადება განიხილეს და "შემდგომი რეაგირებისთვის" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეს.

რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების მეორე ნაწილი გუშინ, 31 აგვისტოს გაავრცელა. მასში საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული.

როგორც ირკვევა, რუსი კურატორები "პატრიოტებს" აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. ასევე, გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები "პატრიოტებს" თხოვენ, დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს.  

გამოძიების პირველი ნაწილი ცენტრმა 24 აგვისტოს გამოაქვეყნა და მასში საუბარი იყო პატრიოტთა ალიანსისა და კრემლის თანამშრომლობაზე. ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები