ვენესუელა

ვენესუელაში წინასაარჩევნოდ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი შეიწყალეს

Reuters

ვენესუელაში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, 31 ივლისს განაცხადეს, რომ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეიწყალეს, მათ შორის, 20-ზე მეტი კანონმდებელი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა. 

მმართველი სოციალისტური პარტიის ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას კვლავ სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. 

პრეზიდენტის ბრძანებით, შეწყალებულებს შორის არიან ფრედი გევარა, ვინც თავშესაფარი ითხოვა ჩილეს დიპლომატიურ რეზიდენციაში, ასევე, რობერტო მარერო – ოპოზიციის ლიდერის და გარდამავალი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს, შტაბის ხელმძღვანელი. 

მთავარმა პროკურორმა, თარეკ სააბმა, თქვა, რომ შეწყალების გადაწყვეტილება ახალისებს "პოლიტიკურ დებატებს"  და "აძლიერებს ადამიანის ხმის უფლებას".

"თუ ისინი დაუბრუნდებიან ტერორიზმის რაიმე აქტს, ძალადობას ან სახელმწიფო გადატრიალებას, ცხადია, ეს სარგებელი შეწყდება". – თქვა მან. 

მათი უმეტესობა მონაწილობას იღებდა 2019 წლის საპროტესტო აქციებში, რა დროსაც ცდილობდნენ სამხედრო ძალები დაერწმუნებინათ, მათ მხარეს გადმოსულიყვნენ. 

შეწყალებულთა ნაწილი ციხეში იხდიდა სასჯელს, ნაწილი გაქცეულია ან დიპლომატიური თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი.

"მადურო პრეზიდენტი არ არის და მე დამნაშავე არ ვარ... თუ მშვიდობაში თანამონაწილეობა გინდა, ვენესუელა შენ მიერ ძალაუფლების უზურპაციისგან გაათავისუფლე". – თქვა ერთერთმა შეწყალებულმა, ამერიკო დე გრაზიამ.

ვენესუელაში ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, უნდა დაეკავებინა. 

50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა, ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა.

 

კომენტარები