აშშ-ბელარუსი

აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს 

internedia

აშშ ბელარუსის შვიდ მაღალჩინოსანზე 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის გამო სანქციების დაწესებას განიხილავს.

ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ანონიმურად განუცხადა. 

"შვიდი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გვყავს, რაზეც ვმუშაობთ სახაზინო დეპარტამენტთან მტკიცებულების პაკეტისთვის, რათა სანქციები დავუწესოთ... არა მხოლოდ დავასახელოთ და შევარცხვინოთ, არამედ ვაჩვენოთ, რომ როდესაც ხალხი ერთდროულად იპარავს არჩევნებს და მშვიდობიანი მომიტინგეებზე, რომლებიც შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ, ძალადობს, მათ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის მქონე პირმა. 

მან ისიც დასძინა, რომ აშშ-მ, შესაძლოა, სანქციების დაწესება რუსეთზეც განიხილოს, თუ ის ბელარუსში ძალით ჩაერევა.

ოფიციალური პირის თქმით, გასულ კვირას მოსკოვში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტეფან ბიგენმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და სხვა მაღალჩინოსნებს ნათლად უთხრა, რომ "აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე შედეგს გამოიღებს, თუ რუსები ბელარუსში ძალით აშკარად ჩაერევიან".

აშშ რუსეთს მოუწოდებს პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს და დემოკრატიას. განცხადება ამ საკითხზე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეილი მაკინანიმ გააკეთა.

"რუსეთმა პატივი უნდა სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს და საკუთარი მოქალაქეების უფლებას აირჩიონ ლიდერები თავისუფლად და სამართლიანად. ბელარუსის მშვიდობიან აქციებზე გამოსული მოქალაქეების რაოდენობა ნათლად აჩვენებს, რომ მთავრობა დემოკრატიისაკენ ხალხის მოწოდებას ვეღარ უგულებელყოფს". – თქვა მან.

მაკინანის განცხადების მიხედვით, ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს საარჩევნო და ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და აქციების დარბევის გამოძიებას. ამასთანავე, აშშ რუსეთს მოუწოდებს ევროკავშირის მოთხოვნა გაითვალისწინოს და თავი შეიკავოს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში ჩარევისაგან.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

მას შემდეგ პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდერ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შეექმნა სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მანამდე, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდება. პუტინი და ლუკაშენკო უახლოეს მომავალში შეხვედრას მოსკოვში გამართავენ. ამის შესახებ კრემლმა ინფორმაცია მათ შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს.

გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს.

კომენტარები