Facebook-ი და Twitter-ი

Facebook-მა და Twitter-მა გააუქმეს ანგარიშები და გვერდები, რომლებიც რუსული ქსელის ნაწილი იყო

Reuters

Facebook-მა რუსული ანგარიშებისა და გვერდების ქსელი დაშალა. კომპანიის განცხადებით, მათ გამოამჟღავნეს ანგარიშები, რომლებიც ინტერნეტის კვლევის რუსულ სააგენტოსთან იყვნენ დაკავშირებული. ეს სააგენტო რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაახლოებული და მას 2016 წელს აშშ-ში არჩევნებში ჩარევა ედება ბრალად. Twitter-მა გააუქმა ხუთი ანგარიში, რომელიც იმავე ქსელის ნაწილი იყო.

რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი ქსელის ცენტრში იყო ახალი ამბების ვებგვერდი PeaceData, რომელიც ინფორმაციას ინგლისურ და არაბულ ენებზე ავრცელებს და მემარცხენე იდეოლოგიას იზიარებს. Twitter-ის განცხადებით, საიტის მიერ გაზიარებული კონტენტი "დაბალი ხარისხის" იყო და ძალიან ცოტა მოწონება და გაზიარება ჰქონდა.

სოციალური მედიის ანალიტიკური კომპანია Graphika-ს გამომძიებლების თქმით, PeaceData-ს მთავარ სამიზნე აუდიტორიას მემარცხენე მკითხველები წარმოადგენდნენ. მათი განცხადებით, ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა მემარჯვენე და მემარცხენე ცენტრისტული იდეოლოგიის კრიტიკას. აშშ-ში ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა რასიზმის ნიადაგზე წამოჭრილ დაპირისპირებას, დემონსტრაციებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი დემოკრატი მეტოქის, ჯო ბაიდენის კრიტიკას.

Grapika-ს განცხადებით, PeaceData-ს ინგლისურენოვანი სტატიების მხოლოდ 5% იყო დაკავშირებული აშშ-ს არჩევნებთან, თუმცა იკვეთება ტენდენცია, რომ საიტი ცდილობდა მემარცხენე მკითხველები ჯო ბაიდენის წინააღმდეგ განეწყო.

Facebook-ის განცხადებით, მათ წაშალეს 13 ანგარიში და 2 გვერდი, რომლებიც PeaceData-ს ვებვერდთან იყო დაკავშირებული და რომელთა მიზანიც "აშშ-ში საჯარო პოლემიკაზე" გავლენის მოხდენა იყო.

Facebook-ის და Twitter-ის მიერ მიღებული ზომები გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგია. 

Facebook-ისა განცხადებით, კამპანია მომხმარებლების შეზღუდული ყურადღებით სარგებლობდა. კომპანიის განცხადებით, გაუქმებული გვერდებს მთლიანობაში სულ 14 000 გამომწერი ჰყავდა, ინგლისურენოვან გვერდს კი - 200 . გაუქმებული ანგარიშები ყალბ სახელებსა და პროფილის სურათებს იყენებდნენ.

Twitter-ის განცხადებით, მათ გააუქმეს ხუთი ანგარიში, რომელთა კავშირიც რუსულ სახელმწიფო აქტორებთან დადასტურდა.

გაუქმებულ Facebook და Twitter ანგარიშებთან დაკავშირებული ინტერნეტის კვლევის რუსული სააგენტო ერთერთია იმ სამ კომპანიას შორის, რომელიც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩარევისთვის ბრალი წაუყენა. 

წლის დასაწყისში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ თქვა, რომ რუსეთის მცდელობები სოციალური მედიის საშუალებით გაევრცელებინა დეზინფორმაცია, არასოდეს შეწყვეტილა. თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ისე აქტიურად აღარ ერეოდა აშშ-ს პოლიტიკურ კლიმატში, როგორც ეს 2016 წელს ხდებოდა.

კომენტარები