კორონავირუსი ბათუმში

გამყრელიძე: ბათუმის კლუბებისა და ბარების დაკეტვაზე საკითხი არ დასმულა

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ბათუმის კლუბებისა და ბარების დაკეტვის საკითხი არ დასმულა, თუმცა, მისივე თქმით, დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები უნდა დაიცვან.  

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დადასტურდა. 21 შემთხვევა ბათუმში ერთერთ საკონდიტრო მაღაზია დონას უკავშირდება.

"ვთხოვ და მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი. არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ უნდა იყოს დაცული და გატარებული ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღიურად კარგი დალაგება მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში ერთხელ დაწესებულებების სრული დეზინფექცია, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქ სანიტარული პირობები კარგადაა დაცული." - ამბობს გამყრელიძე.  

გამყრელიძის ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან, მე-3 კარავი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შეუძლიათ.

"სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც ჩვენ მოვუწოდეთ განსაკუთრებით ბათუმის და ქობულეთის კაფე-ბარებში დასაქმებულებს, რომლებიც ბულვარზე არიან, რომ აუცილებელი იყო მათ ტესტირება გაეკეთებინათ. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ და მოვუწოდებ - აუცილებელია რომ მათ ტესტირება გაიარონ. ამისთვის ბათუმში ყველა პირობაა - დღეს მე-3 კარავი დაემატა ანბანის კოშკთან. სამი კარავია და 5 დაწესებულება, სადაც შეუძლიათ, ჩაიტარონ PCR ტესტირება." - თქვა გამყრელიძემ. 

ბათუმში ერთერთი უმსხვილესი საკონდიტრო მაღაზიის, დონას თანამშრომლის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ცნობილი 1 სექტემბერს გახდა. მოგვიანებით ახალი კორონავირუსი საკონდიტრო დონას კიდევ ერთ თანამშრომელს და ასევე, მეპატრონესაც დაუდასტურდა. ამ დროისთვის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ფილიალი დაკეტილია, თანამშრომლები კი კარანტინში არიან გადაყვანილები. 

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონაში იმყოფებოდა, NCDC-ის უფასო ტესტირებისთვის მიმართოს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორი კარავი ბათუმის ბულვარშია განთავსებული, ერთი კოლოდებთან, ხოლო მეორე ახალ ბულვარში, რესტორან აჭარული სახლის მიმდებარედ. მესამე კარავი კი ანბანის კოშკთან დაიდგა. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. აქტიურია 251 შემთხვევა. 

კომენტარები