ოკუპირებული ცხინვალი

ედუარდ კოკოითი ანატოლი ბაბილოვს გადადგომისკენ მოუწოდებს

ედუარდ კოკოითი

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ცხინვალში ინალ ძაბიევის სიკვდილს გამოეხმაურა და ანატოლი ბაბილოვს გადადგომისკენ მოუწოდა.

კოკოითის განცხადებით, მას სურს, თავიდან აარიდოს ახალგაზრდებს სისხლისღვრა. ის მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომლებმაც ძაბიევის სიკვდილის შურისძიების ფიცი დადეს, თავი შეიკავონ ფიცის შესრულებისგან.

ედუარდ კოკოითი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბაბილოვს მოუწოდებს "არ ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას" და გადადგეს. კოკოითის თქმით, ის არ ჩავიდოდა ცხინვალში თუ ბაბილოვი პრეზიდენტის უფლებამოსილებას მოიხსნიდა და შეწყვეტდა "ოსი ხალხის წვალებას".

ედუარდ კოკოითის განცხადებით, მისი შეცდომა იყო 2011 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე ანატოლი ბაბილოვის შემოყვანა, ხოლო 2017 ბაბილოვისთვის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე მხარის დაჭერა.

კოკოითიმ აღნიშნა, რომ ის გააგრძელებდა ბრძოლას, რათა დაისაჯონ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი, დე ფაქტო გენერალური პროკურორი, ურუზმაგ ძაგაევი და დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი, ზალინა ლალიევა და ანატოლი ბაბილოვი.

ედუარდ კოკოითის განცხადებით, ის ახლა ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ უშლის ჩავიდეს ე.წ სამხრეთ ოსეთში. კოკოითის ვიდეო მიმართვას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ხალხის ნაწილი მას მხარს უჭერს, ხოლო ნაწილი აქტიურად აკრიტიკებს.

ინალ ძაბიევი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დააპატიმრეს. 

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ძაბიევი, სავარაუდოდ, ცემის დროს მოკლეს. 

როგორც ძაბიევის ოჯახი ამბობს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხალხს უთხრა, რომ ე.წ. შს მინისტრი, ნანიევი, გადააყენეს და, მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ძაბიევის სიკვდილის გამო ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო აქციები იმართება.

კომენტარები