თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაცია იწყება.
კალაძის ინფორმაციით, ანძის რეაბილიტაციის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იმუშავეს და გამოცხადებულ ტენდერში ესტონურმა კომპანია კოკომ გაიმარჯვა. მერი ამბობს, რომ პროექტის განხორციელება 10-დან 15 მილიონამდე დაჯდება.
"დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე შესაძლებელი იქნება განთავსდეს გადმოსახედები, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტი. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ჩვენი სატელევიზიო ანძის კარგად გამოყენება, ფუნქციის მინიჭება, დამატებით მიზიდულობის ცენტრი იქნება.
ჩვენ გვინდა, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ბიზნეს სექტორი დავაინტერესოთ. დაახლოებითი გათვლები, რომელიც გვაქვს, 10-დან 15 მილიონამდე დაჯდება პროექტის განხორციელება. ვიზუალი, რომელიც არის წარმოდგენილი ესტონური კომპანიის მხრიდან, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან გავლილია, არის რეკომენდაციები და პატარა ცვლილებები მოგვიწევს, ეგ უკვე შემდეგ ეტაპზე, როცა უფრო კონკრეტიკაზე გადავალთ. ამ ეტაპზე ვაცხადებთ ტენდერს და ირაკლი ხმალაძეს მინდა დავავალო მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან და კომპანიებთან." – თქვა კალაძემ.