ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სასტუმრო ოაზისი ჩაიკეტა, იქ 400-მდე ქართველი ექიმია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში, სადაც ერთ-ერთ სტუმარს COVID 19 დაუდასტურდა, სამედიცინო პერსონალის კონფერენცია მიმდინარეობდა. ტიკარაძის თქმით, სასტუმრო ჩაიკეტება და იქ 400-მდე ქართველი ექიმი იმყოფება. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ კონფერენციაზე უნდა ჩასულიყვნენ მისი მოადგილე და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელიც.

"დღესდღეობით მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო ოაზისში, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ესწრებოდნენ იქ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ბატონი ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან თქვენ იცით, რომ სასტუმროში დაფიქსირდა ვირუსი.

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო ოაზისი ჩაიკეტება, თუმცა ჩვენ ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმრო ოაზისში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება ექიმების, რათა შესაბამისი პროტოკოლით მოხდეს გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში". – თქვა ტიკარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ სასტუმროში სულ 700-მდე ადამიანია.

დღეს, 2 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში ერთ ადამიანს COVID 19 დაუდასტურდა. გამყრელიძის თქმით, მას ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და სასტუმროში ჩატარდება მასობრივი გამოკვლევა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 - ბოლო 24 საათში. აქედან 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები