ტურიზმი

გახარია: სასტუმრო ბიზნესს სესხის თანადაფინანსების პროგრამას კიდევ 6 თვით გავუგრძელებთ

საქართველოს მთავრობა სასტუმრო ბიზნესს სესხის თანადაფინანსების პროგრამას კიდევ ექვსი თვით გაუგრძელებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. მისივე ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვა იმ სასტუმროებსაც შეეძლებათ, რომლებიც ამ ეტაპზე პროგრამის ბენეფიციარები არ არიან. 

"პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, ეს იყო ტურისტული ბიზნესის და პირველ რიგში, სასტუმრო ბიზნესის დახმარება. სამ თვეში გამოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი. შემდეგ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართულები არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ კიდევ სამი თვით. უკვე ჩანს, რომ ესეც არ არის საკმარისი, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, სესხის თანადაფინანსების, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამა გავაგრძელოთ კიდევ ექვსი თვით, ერთ წლამდე. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ამ სექტორს დავუდგეთ გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებელი ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშ არის. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სექტორს დავეხმაროთ. 

ის კომპანიები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ამ ექვსი თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ პროგრამის ბენეფიციარები, მათთვის ერთი თვის მანძილზე, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა. დამატებით ექვსი თვის კომპონენტში მონაწილეობა შეეძლება ყველა კომპანიას, თუნდაც მას ჯერ არ ჰქონდეს მიღებული ამ კომპონენტში მონაწილეობა, ეს აძლევს საშუალებას მცირე სასტუმროებს, გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ სექტორს და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები". - თქვა პრემიერმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში რეგულარული ფრენები მარტის შემდეგ აკრძალულია. აგვისტოდან გამონაკლისი მხოლოდ მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებებს ეხება, საიდანაც თბილისში თითო ავიაკომპანია კვირაში ორჯერ დაფრინავს. 

კომენტარები