არჩევნები 2020

საარჩევნო შტაბი, ხმების დაცვა – ოპოზიციური პარტიები ამჯერად ევროპელების ოფისში შეიკრიბნენ

ევროპული საქართველო

ლეიბორისტული პარტიის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ მეორე შეხვედრა გამართეს. ამჯერად შეხვედრა ევროპული საქართველოს ოფისში მიმდინარეობს. 

გორსა და კასპში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან თარხნიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ მექანიზმებზე, რომლითაც ოპოზიციური პარტიები თითოეული მოქალაქის ხმას დაიცავენ. 

ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიები ინფორმაციას გაცვლიან, დარღვევების შემთხვევაში კი ერთიან საჩივრებს შეიტანენ, რომელიც სასამართლოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც ერთიანად გასაჩივრდება. 

"არჩევნების წინა რამდენიმე დღე, არჩევნების დღეს და შემდეგი დღეების განმავლობაში უკვე გაერთიანებული ოფისი იმოქმედებს, სადაც შეგროვდება ყველა ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ თითოეული მოქალაქის ხმის დაცვას ადგილებზე, ოლქებსა და შემდეგში უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. რაც შეეხება მექანიზმებს, არის კონკრეტული მექანიზმები ამისათვის და დღევანდელ შეხვედრაზე ამაზეც იქნება საუბარი". – ამბობს ლევან თარხნიშვილი. 

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ამბობს, ამ შტაბის შექმნა არის მაგალითი უპრეცენდენტო ერთობისა და უპრეცენდენტო კოორდინაციისა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური პარტიების საერთო შტაბი უზრუნველყოფს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა ვერცერთი ხმა ვერ მოიპაროს და ვერ გამოიყენოს ის ნაცადი ხრიკები და მექანიზმები, რომელსაც წინა არჩევნების დროს მიმართავდა. 

"ქართველი ხალხის მოლოდინი არის სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა და არა ივანიშვილის ტერმინებით რომ ვისაუბროთ, მისი "ტრიუკების" გამოყენება არჩევნების მოსაპარად და ჩვენ, ოპოზიციური ერთობით, ამ შტაბის ძალიან ეფექტური მუშაობით, ეფექტური მექანიზმებით შემუშავებით, უზრუნველვყოფთ ამას". – თქვა თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარში. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30-მდე ოპოზიციური პარტია საკუთარ და ერთმანეთის ხმებს დაიცავს. ამ მიზნით ოპოზიციამ 24 აგვისტოს ხელი მოაწერა სპეციალურ მემორანდუმს. ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრების მონაწილე პარტიები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის ხმების დაცვაში ყველა უნდა ჩაერთოს. ისინი გაყალბების წინააღმდეგ კონკრეტულ მექანიზმებს განიხილავენ.

კომენტარები