გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს, ინიციალებით ვ. ა. 

პროკურატურის ცნობით, დადგენილია, რომ ვ. ა.-მ, საკუთარი თავის საჯაროდ წარმოდგენისა და ჟურნალისტური კარიერის აწყობის მიზნით, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, 15 ივლისს ვ. ა. ერთ-ერთ მედიას დაუკავშირდა და მოუყვა თავის გამოგონილ ამბავს, თითქოსდა, საკუთარ სახლთან ახლოს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად სეირნობის დროს შეესწრო ოთხი ადამიანის საუბარს, რომელშიც ნახსენები იყო გიორგი შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის გვარი. ამასთან, ვ. ა.-ს მიერ მოყოლილი ისტორიის მიხედვით, საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზეც. 

პროკურატურის ცნობით, ვ. ა. გამოძიებამ სამჯერ გამოკითხა და მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას შემთხვევის ადგილმდებარეობასთან, საუბრის შინაარსთან და საუბარში მონაწილე პირების გარეგნობასთან დაკავშირებით. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მან მიუთითა ის ადგილიც, სადაც თითქოს შეესწრო საუბარს. 

"გადამოწმების მიზნით ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მტკიცებულებების გაანალიზებით დადგენილია, რომ ვ. ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოს მოისმინა საუბარი, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია არის ვ. ა.-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს". – აცხადებს პროკურატურა. 

გამოძიება სისხლის სამართლის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებითაა დაწყებული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 7 წლამდე. 

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 11 სრულწლოვანია.

კომენტარები