გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილს დაზიანებები სიკვდილამდე 10-20 წთ-ით ადრე მიაყენეს, გვამი 3-4 დღე იყო წყალში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები სიკვდილამდე 10-დან 20 წუთამდე შუალედში აქვს მიყენებული. დასკვნაში წერია ისიც, რომ გვამის წყალში ყოფნის პერიოდი გარდაცვალებიდან 3-4 დღეა. 

ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 3 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა. 

"დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე და თავის არეში მიყენებული დაზიანებები, თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას.

ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში, რბილ ქსოვილზე ტრავმული ზემოქმედების გამო, გამოხატული ტკივილით, თავზე არსებულ დაზიანებებთან ცალკეც და ერთობლიობაში აღებულიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილისწინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10-დან 20 წუთის ფარგლებში. ასევე გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს. ეს დასკვნა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად ადასტურებს საქმეში წარდგენილ ვერსიას, ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტს". – წერია ექსპერტიზის დასკვნაში. 

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 11 სრულწლოვანია.

კომენტარები