არჩევნები 2020

უგულავა: კონკურენტი არა გიული ალასანია, არამედ ის პრობლემებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გიული ალასანიას შესაძლო დაყენებას ეხმაურება.

უგულავას თქმით, ის ვერ გააკეთებს განცხადებას მანამდე, სანამ ინფორმაცია არ დადასტურდება. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი კონკურენტი ის პრობლემებია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ დააგროვა 8 წლის განმავლობაში.

"როდესაც დადასტურდება, საუბარი შეიძლება შემდეგ. ზოგადად ჩემი კონკურენტები არიან აქ ის პრობლემები, რომლებიც დააგროვა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ. ეს არის ნეპოტიზმი, ეს არის კრიმინალი, კონტრაბანდა, განუკითხაობა და ტოტალური უპატრონობა, რაც სამწუხაროდ სუფევს ზუგდიდში და არა მარტო. რეალურად, როდესაც ვსაუბრობთ კონკურენტებზე, კონკურენტები არიან ეს პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს". - განაცხადა გიგი უგულავამ.

ტაბულას ინფორმაციით, ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია განიხილება.

ენმ-ში ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ზუგდიდში მათი მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარები