თამარ ბაჩალეიშვილის საქმე

ლომჯარია: FBI აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ საქმის დეტალებზე საუბრობს. ლომჯარია აღნიშნავს, რომ FBI-მ საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა, ვინაიდან ეს მათი კომპეტენცია არ არის. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ დაწყებულია მოქმედებები სატელიტის სურათების მოპოვებისთვის

"FBI-ს ჩართულობასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვები. როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. თუმცა, როგორც FBI აცხადებს, ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია.

ბაჩალიაშვილის საქმეზე დაწყებული არის მთელი რიგი მოქმედებები, რომ მოპოვებული იყოს სატელიტის სურათები". – ამბობს ნინო ლომჯარია.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ჩართული იქნება ნებისმიერ ექსპერტიზაში, რასაც ოჯახი მოითხოვს.

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ უწყება მზადაა, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მასალები.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმის გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ამასთან, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა – რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუკი გარდაიცვლებოდა.

კომენტარები