ხოშტარია ლუგარზე კიბერშეტევაზე: ცხადია, რუსეთის მხრიდანაა, ხელისუფლება არ უნდა ჩურჩულებდეს

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარიას თქმით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა რუსეთიდანაა და, მისივე სიტყვებით, ხელისუფლება ამ საკითხზე "არ უნდა ჩურჩულებდეს".

"ცხადია, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან კიბერშეტევა. ეს არის ქვეყნებთან დაპირისპირების რუსეთის ფორმა. ამაზე სახელმწიფოს ძალიან მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ჩუმად კი არ ჩურჩულებდეს ამ საკითხებზე, ან კი არ ეშინოდეს ამაზე ლაპარაკისა, არამედ ღიად უნდა თქვას, რომ რუსეთი კვლავ გააქტიურებულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, როგორც კიბერსაშუალებებით, ასევე პარტიების დაფინანსებისა და პროპაგანდის საშუალებებით." - ამბობს ელენე ხოშტარია რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

1-ელ სექტემბერს კიბერშეტევა მოხდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიბერშეტევა "ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა". 

გამოძიების მიხედვით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

შსს-ს ცნობით, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამ დროისთვის ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. 

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და როგორ ებრძვის მას რუსეთი - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები