Facebook

აშშ-ს არჩევნებამდე ბოლო ერთ კვირაში Facebook-ზე ახალი საარჩევნო რეკლამები აღარ განთავსდება

Getty Images

მარკ ზაკერბერგმა Facebook-ზე თავის პოსტში იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა გატარება 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იგეგმება.

ზაკერბერგის განცხადებით 27, ოქტომბრის შემდეგ საიტზე აღარ განთავსდება ახალი პოლიტიკური რეკლამა. თუმცა რეკლამები, რომლებიც ამ პერიოდამდე საარჩევნო კამპანიების ფარგლებში იყო საიტზე განთავსებული, 27 ოქტომბრის შემდეგაც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის.

ზაკერბერგის განცხადებით, არჩევნებამდე ერთი კვირის მანძილზე, მოკლე პერიოდში რთული იქნება ახალი სარეკლამო კონტენტის შემოწმება და რეკლამებში გამოყენებული ინფორმაციის უტყუარობის გადამოწმება. სწორედ ეს არის ახალი ცვლილების მიზეზი.

მარკ ზაკერბერგმა თავის პოსტში აღნიშნა, რომ ყველას მოვალეობაა დემოკრატიის დაცვა, რაც გულისხმობს ამომრჩევლების დახმარებას საარჩევნო რეგისტრაციის გავლაში. ზაკერბერგის განცხადებით, Facebook აშშ-ს ისტორიაში არჩევნებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელ ყველაზე ფართო კამპანიას აწარმოებს.

იმისთვის, რომ Facebook-ზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს, კომპანია სხვადასხვა ზომების მიღებას გეგმავს:

  • 27 ოქტომბრის შემდეგ საიტზე აღარ განთავსდება ახალი პოლიტიკური რეკლამა;
  • პოსტები, რომლებიც გაავრცელებს ინფორმაციას, რომ არჩევნებში მონაწილეობით ადამიანებს COVID-19 გადაედებათ;
  • პოსტებს, რომლებიც გაავრცელებს ინფორმაციას არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ, საგანგებო აღნიშვნა გაუჩნდება;
  • საგანგებო აღნიშვნა გაუჩნდება საპრეზიდენტო კანდიდატების პოსტებს, რომლებიც არჩევნების ოფიციალურ შედეგებამდე რომელიმე საკუთარი გამარჯვების შესახებ განაცხადებენ.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიღებული გამოცდილება Facebook-მა, შესაძლოა, მომავალში სხვა ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების დროს გამოიყენოს.

მარკ ზაკერბერგისგან განსხვავებით, Facebook აქტიურად მოქმედებს კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელი მოძრაობების წინააღმდეგ. ზაკერბერგის განცხადებით, ბოლო პერიოდში Facebook-იდან წაიშალა კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელი ათასობით ჯგუფი.

Facebook-ის დაგეგმილ ცვლილებებს კრიტიკოსებიც ჰყავს.

თავისუფალი მედიის მონიტორინგის ორგანიზაციის Media Matters for America-ს ხელმძღვანელმა ზაკერბერგის გადაწყვეტილება პიარკამპანიად შეაფასა.

ანჯელო კარუსონის შეფასებით, თუ 27 ოქრომბრამდე საიტზე რეკლამა იყო განთავსებული, ბოლო კვირაში Facebook გაუშვებს ამ პოლიტიკურ რეკლამებს და რეკლამის განმთავსებელს საშუალებას მისცემს, სამიზნე აუდიტორიად ახალი ჯგუფები ამოირჩიონ.

"შეგიძლია, ახლა განათავსო რეკლამა, შემდეგ დროებით შეაჩერო და ბოლო კვირაში კვლავ გამოიყენო". - ამბობს კარუსონი.

​ჩრდილოეთ კაროლინის ასოცირებული პროფესორი, დენიელ კრაისიც, რომელიც ტექნოლოგიების და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულებაში სპეციალიზდება, მსგავს პოზიციას იზიარებს.

დენიელ კრაისის აზრით, საარჩევნო კამპანიები 27 ოქტომბრამდე განათავსებენ ათასობით კონტენტს და შემდეგ მას ბოლო კვირაში გამოიყენებენ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 2016 წელს უცხოელი აქტორები სოციალური მედიის გამოყენებით ცდილობდნენ აშშ-ში ამომრჩევლების არჩევანზე გავლენის მოხდენას, ამერიკულმა სოცმედია საიტებმა აქტიურად დაიწყეს დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

ცოტა ხნის წინ Facebook-მა და Twitter-მა გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად გააუქმეს ანგარიშები და გვერდები, რომლებიც რუსული ქსელის ნაწილი იყო. 

გაუქმებულ Facebook- და Twitter-ანგარიშებთან დაკავშირებული ინტერნეტის კვლევის რუსული სააგენტო ერთ-ერთია იმ სამ კომპანიათაგან, რომელსაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩარევისთვის ბრალი წაუყენა.

წლის დასაწყისში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ თქვა, რომ რუსეთის მცდელობები, სოციალური მედიის საშუალებით გაევრცელებინა დეზინფორმაცია, არასოდეს შეწყვეტილა. თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ისე აქტიურად აღარ ერეოდა აშშ-ს პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ეს 2016 წელს ხდებოდა.

კომენტარები