აშშ - ლიტვა

აშშ ლიტვასთან ერთად ორთვიან საერთო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

Reuters

პარასკევს აშშ-ს სამხედრო ნაწილები ლიტვაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს ორი თვის ვადით ჩავა. ლიტვის მთავრობის განცხადებით, საერთო სამხედრო წვრთნა არ არის რაიმე სახის გზავნილი ბელარუსისთვის.

ოთხშაბათს გავრცელებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სამხედრო ნაწილები წინასწარ დაგეგმილი წვრთვნებისთვის პოლონეთიდან ლიტვაში გადაინაცვლებდნენ. ლიტვის განცხადებით, ეს წვრთნები თავდაცვითია და არ ეხება არც ერთ მეზობელ ქვეყანას, მათ შორის არც ბელარუსს.

​თუმცა აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სამხედრო ნაწილები ლიტვაში დაგეგმილზე უფრო ადრე ჩავლენ და უფრო დიდხანს დარჩებიან.აშშ-ს 500 სამხედრო პირი ლიტვაში ნოემბრამდე დარჩება.

29 ივლისს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, რამუნდას კარობლისმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სექტემბერში ორკვირიანი წვრთნისთვის 300-იდან 1000 სამხედრომდე, ბატალიონის ზომის კონტინგენტს გაგზავნიდა ლიტვაში. ეს ინფორმაცია მან 4 აგვისტოს რადიო LRT-სთან ინტერვიუშიც გაიმეორა.

გარდა ამისა, 14-25 სექტემბერს საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავები ლიტვაში ყოველწლიურ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

რამუნდას კარობლისის განცხადებით, არსებობდა იმის საფრთხე, რომ რუსეთს ბელარუსში ჯარი გაეგზავნა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში დემონსტრაციების დაწყების შემდეგ ნატო ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებაში დაადანაშაულა, რასაც ალიანსი უარყოფს. ლუკაშენკოს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ის რუსეთს მიმართავს და  რუსეთი ბელარუსს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ბელარუსში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, ალექსანდრ ლუკაშენკომ არაერთხელ დაადანაშაულა უცხოური ძალები ბელარუსის საშინაო საქმეში ჩარევასა და დემონსტრაციების წახალისებაში.

ბელარუსის მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი დააგროვა. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლეს.

კომენტარები