აშშ-ირანი

დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს სიკვდილით არ დასაჯონ ირანელი მოჭიდავე

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება ირანელი მოჭიდავის, ნავიდ აფკარის საქმეზე. 27 წლის აფკარის სიკვდილით დასჯის ორი განაჩენი გამოუტანეს 2 წლის წინ ირანში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის და ქალაქ შირაზში აქციის დროს დაცვის თანამშრომლის მოკვლის საქმეებზე.

არსებობს მისი აღიარებითი ჩვენებაც, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ჩანაწერი ციხიდან, რომელშიც აფკარი ამბობს, რომ აწამეს.

დაკავებულები არიან აფკარის ძმები ვაჰიდი და ჰაბიბიც. მათ 54 და 27 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

"მივმართავ ირანის ლიდერებს. დავაფასებ, თუ ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს დაინდობთ და მას სიკვდილით არ დასჯით. გმადლობთ". - დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

FoxNews-ის სტატიაზე დაყრდნობით ტრამპი წერს, რომ პოპულარული მოჭიდავის მიერ ჩადენილი ერთადერთი ქმედება იყო მონაწილეობა ანტისამთავრობო გამოსვლებში , სადაც ხალხი გაუარესებულ ეკონომიკურ სიტუაციას და ინფლაციას აპროტესტებდა.

აფკარის განაჩენს გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მორგან ორტაგუსიც.

"ჩვენ ვუერთდებით მსოფლიოს ირანის რეჟიმის მიერ ნავიდ აფკარისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის თაობაზე აღშფოთებაში. ის აწამეს და ცრუ აღიარება მიაცემინეს 2018 წლის მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. რეჟიმმა აწამა მისი ძმებიც და მათ ათეულობით წლით პატიმრობა მიუსაჯა. გაათავისუფლეთ ისინი!". - დაწერა მან.

2018 წელს ირანში საპროტესტო აქციები ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოჰყვა. აპროტესტებდნენ ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებსაც. 2019 წელს აქციები მოჰყვა საწვავზე ფასების ზრდას. გასულ კვირას Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აქციების შემდეგ ქვეყანაში 7 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვნებიც.

კომენტარები