არჩევნები 2020

NDI ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის

ReformAustin.org

NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ს წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან. – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი. 

"საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში". – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გეგმავს, ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები. NDI გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა. ამასთანავე, NDI ტრადიციულად მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

სექტემბრის პირველი ნახევრიდან NDI-ს გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისია მუშაობას შეუდგება ისეთ საკვანძო საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია. NDI გამოსცემს შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო ანალიზსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას დაეფუძნება.

არჩევნებიდან რამდენიმე დღეში NDI მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა. საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე ასახული იქნება NDI-ის გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის მონაცემები, რომლებსაც NDI ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 31 აგვისტოს თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, NDI-სIRI-ს და ევროკავშირის დამკვირვებლები არ ჩამოვიდნენ. მისი თქმით, მათ მსგავსი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მიმართაც მიიღეს და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება.

კომენტარები